Statistiques
Blogspot            ancien site - cliquer ici / old website - click here            Poetrypoem

Deux poèmes en géorgien

PDF
Imprimer
Envoyer

Poèmes traduits en géorgien par le poète

Paata Natsvlishv​ili

 

IMMORTALITÉ  / БЕССМЕРТИЕ

 

უკვდავება

„უკვდავია – ამბობს იგი“.

პლატონი

„ფედონი“

 

ო, სულო ჩემო გადახედე კვლავ „ფედონის“ ბრწყინვალე ფურცლებს.

უკვდავებაა იქ დედააზრი,

ვით ღვთაებრივი დასაწყისი, ნაქსოვი შუქით,

ვით ცეცხლოვანი უსასრულობა და პრინციპი სრულყოფილების.

 

ბულურისი–სან-რაფაელი, სამშაბათი, 15 აგვისტო, ღვთისმშობლის ამაღლების დღესასწაული

 

 

შენიშვნები:

 

პლატონი (ძვ. წ.ა. 428-348 წწ): ბერძენი ფილოსოფოსი. ბავშვობიდან სწავლობდა ლიტერატურას, მათემატიკას, მუსიკას და ტანვარჯიშს. მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სოკრატესთან შეხვედრა 408 წელს. მან ურჩია მას, მიეტოვებინა ხელოვნებანი და ფილოსოფიას დაწაფებოდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იგი აღტაცებული იყო თავისი პირველი მასწავლებლით. იმ ამბავმა, რომ ათენელებმა ეპოქის ყველაზე გამოჩენილ ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს, სამუდამო კვალი დატოვა პლატონის სულში და მისი პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულება განსაზღვრა.

ღრმად შეძრული მასწავლებლის სიკვდილით და დემოკრატიაში განხიბლული, პლატონი ტოვებს სამშობლოს და სამხრეთ იტალიაში მიდის, სადაც იგი ტყვედ გაყიდეს. საბედნიეროდ, ერთმსა მისმა მეგობარმა ის მალე გამოისყიდა და 387 წელს პლატონი ათენში დაბრუნდა. აქ მან დააარსა ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც აკადემია უწოდა, რადგან იგი აკადემის ბაღებში მდებარეობდა. სწავლება აქ დიალოგების ფორმით მიმდინარეობდა. პლატონის ყველაზე გამოჩენილი მოწაფე იყო არისტოტელე – ერთადერთი, ვისაც მასწავლებელთან მეტოქეობა შეეძლო.

 

ფედონი: პლატონის დიალოგი. ფედონი გვიამბობს სოკრატეს სიკვდილზე. მაგრამ ეს ამბავი საბაბი ხდება საზოგადოდ სიკვდილზე მსჯელობისა.

 

 

INSIMULABLE  CLARTÉ  / НЕПОДРАЖАЕМАЯ  ЯСНОСТЬ

განუმეორებელი სიცხადე

 

სტოიან ბოკარჯიევს

 

„სიყვარული შუქია, რომელიც დანგრევის ნებას არ აძლევს ცხოვრებას“.

კამილო კასტელო ბრანკო

 

I

 

შენ აღარ გხიბლავს ეს ქალაქი თავის სინათლით,

და მერცხალთა თავბრუდამხვევი პირუეტებით,

რომელთა ნატიფ, ჭეშმარიტად ატიკურ ბუდეთ

მოურთავთ შენი უბრალო სახლის

კედელთა მუქი ყავისფერები.

 

შენ აღარ გესმის მღერა ჭადრების,

რომელთ ფოთოლთა სიმჭვირვალეში

გამოცხადება გაზაფხულის ღვთიური მოჩანს,

და აღარ გესმის უანკარესი მღელვარების

და უძველესი მეხსიერების მოუთოკავი ვიბრაცია

დაუსაბამო თრაკიის ზეცის.

 

შენს ხელებს, ძლიერთ

აუხსნელი დედაშვილური ჰაეროვნებით

აღარ უპყრიათ მოწიწებით მოხუცი დედის

სამუდამოდ მდუმარე ტანი

და არ მიაქვთ საკუთარ სუნთქვას ჩახუტებული

მირონით სავსე ბროლის თასივით.

 

 

II

 

შორს დარჩენილა ის დრო, როდესაც

ამ ქუჩაზე, ასე ლამაზად რომ მოუკირწყლავთ,

პაწაწა ჩიტის უდარდელობით

ბურთს დასდევდა შენი ბავშვობა.

 

ჰოი, ძვირფასო მეგობარო,

მეგობარო ჩემი სულისა,

ვისაც გიყურებ შუაღამით თავდახრილს წიგნზე,

რომლის ბულგართა ენაზე თარგმნა

გამჭვირვალობის ანგელოზებმა

ფრთამოყრით გთხოვეს.

 

III

ჰოი, ძვირფასო მეგობარო, რა მძიმეა იმის ატანა,

რომ ეგ თბილი ხმა, გაჯერებული

უამრავი უძილო ღამის მოუსვენრობით

აღარ აავსებს ამ სახლის კედლებს

და რომ შენს მიერ დარგული და ნაფერები იასამანი

ძველებურად ელოდება შენს ნაბიჯთა ფრთხილ მელოდიას!

 

ჰოი, სიკვდილის ძირისძირში ჩასახლებულო!

 

 

IV

რამ ჩატია ამ სულში ეს ამდენი დაისი,

გამჭვირვალე ზაფხულის თავბრუდამხვევ სინაზით!

 

ასე მთიდან ეშვება თოვლი, მერე ქარების მსუბუქ ფერებ-ფერებით

გარდაქმნილი მდინარედ

ზღვის მთრთოლარე ტალღებთან შეყრად მიეშურება.

 

V

პატარა საყდრის ღვთისმშობლის ხატთან

მოუყრია მუხლი შაოსანს

და გარდასულთა სულებზე ლოცვა

ღამის ჰაერის იდუმალებას ერთვის და ერთვის.

ვცდილობ როგორმე მოვიხელთო მისი სიტყვები

და გამლღვალი სანთლის წვეთები

ხელისზურგს მიწვავს.

 

VI

ისმის ყმაწვილთა წკრიალა ხმები

და მომიხმობს ვარსკვლავთა ქორო.

 

მე გამოვდივარ აცრემლებული

და მერეკლება სახეზე ღამე.

მე ვგრძნობ, რომ ხდება რაღაც მთავარი და

ვიმეორებ მოთქმით შენს სახელს,

რომელიც უკვე შენა ხარ თვითონ!

 

სახეზე გკოცნი, რომ ვეზიარო

მეც უკვდავებას.

 

შენიშვნა:

სტოიან ბოკარჯიევი – უბრწყინვალესი ბულგარელი მთარგმნელი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება მსოფლიოს უდიდესი პოეტების თარგმნას მიუძღვნა. დიდი გულისტკივილით აღმოვაჩინე, რომ მის შესახებ ინტერნეტში ერთი სიტყვაც არ არის!